ხევის ბეთჰოვენის ტრაგედია
ნაწილი პირველი
1894 წელს, ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, პუბლიცისტმა და ლიტერატურათმცოდნემ, ნიკო ხიზანიშვილმა თხოვნით მიმართა ლიზა ყაზბეგს, დახმარებოდა თავისი ძმის, დიმიტრი ყაზბეგისა და ბიძაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიების დაწერაში.
ლიზა ყაზბეგმა მემუარების დაწერას 18 წელი მოანდომა. მისი ანდერძის თანახმად, მოგონებების წიგნი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა და საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ლიზა ყაზბეგი ალექსანდრე ყაზბეგს დიმიტრი ყაზბეგის შემოქმედების მითვისებაში ადანაშაულებდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ელისაბედ ყაზბეგის ამ ბრალდებას გამოუჩნდნენ როგორც მომხრეები, ასევე - მოწინააღმდეგეები.
ვახტანგ კოტეტიშვილი წიგნში "ალექსანდრე ყაზბეგი და მისი ავტორობის საკითხი" (1925 წ.) ელისაბედ ყაზბეგის ვერსიას აბსურდულად მიიჩნევდა და ამტკიცებდა, რომ ნამდვილად ალექსანდრე ყაზბეგია იმ მოთხრობების ავტორი, რომლებმაც მას პოპულარობა მოუტანა, ხოლო იმავე წელს გამოცემულ წიგნში "ალექსანდრე თუ დიმიტრი ყაზბეგი" მიხეილ ზანდუკელი იზიარებდა ელისაბედ ყაზბეგის თვალსაზრისს და ალექსანდრე ყაზბეგს პლაგიატორობაში ადანაშაულებდა.
ორივე მხარეს თავიანთი არგუმენტები მოყავდა და ცდილობდა, მკითხველი საკუთარი პოზიციის მართებულობაში დაერწმუნებინა.
„ალ. ყაზბეგის ავტორობის ორიგინალობის საკითხი რომ ჭეშმარიტებად იქნას ცნობილი, ჯერ საკმარისი მასალები არ არის. ისინი ჰბადებენ ეჭვს, რომელიც დარჩება მხოლოდ ეჭვად, ვიდრე არ აღმოჩნდება სხვა საბუთები.“ - წერდა ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფი, დავით კარიჭაშვილი.
რა იყო ამ ეჭვის გაჩენის მიზეზი?
სულ თავიდან დავიწყოთ.
საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ხევი სამოურავოებად იყო დაყოფილი და თითოეულ სამოურავოს გამგებლის მიერ დანიშნული მოურავი განაგებდა. ხევი იყოფოდა ოთხ სამოურავოდ: ედოს (სტეფანწმინდა), სნოს, ფანშეთისა და მნას (თრუსოს ხეობა) სამოურავოებად. ხევი რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა და მნიშვნელოვანი იყო იქ სანდო და ერთგული მმართველის დანიშვნა. რუსეთმა თავისი იმპერიალისტური პოლიტიკის გასატარებლად არჩევანი სტეფანწმინდის მოურავ გაბრიელ ყაზიბეგის ძე ჩოფიკაშვილზე შეაჩერა და არც შეცდა. მის პატივსაცემად რუსებმა სტეფანწმინდას ყაზბეგი უწოდეს, გაბრიელის შთამომავლობას კი აზნაურობა უბოძეს.
გაბრიელ ყაზბეგი
გაბრიელ ყაზბეგის ორივე ვაჟი - მიხეილი და ნიკოლოზი მამის კვალს გაყვნენ და რუსეთის ჯარში გამწესდნენ.
პოლკოვნიკმა მიხეილ ყაზბეგმა ცოლად შეირთო თავად ესტატე თარხნიშვილის ქალი, ელისაბედი (კეკე), თავად თუმანიშვილის ქვრივი, რომელსაც პირველი ქორწინებიდან სამი ქალიშვილი ჰყავდა.
გაბრიელის მეორე ვაჟმა, პოდპორუჩიკმა ნიკოლოზ ყაზბეგმა იქორწინა სალომე დუდაროვაზე და ეყოლა ვაჟიშვილები: დიმიტრი, გიორგი, გაბრიელი და ქალიშვილი - ელისაბედი.
ხევის გამგებლობა მემკვიდრეობით მიხეილმა ჩაიბარა. 1848 წლის 20 იანვარს მიხეილ ყაზბეგს ნანატრი ვაჟი ეყოლა. ბავშვს სახელად ალექსანდრე დაარქვეს.
სახლი სოფელ სტეფანწმინდაში, სადაც დაიბადა ალექსანდრე ყაზბეგი
"აბა, მოიგონე ის დროება, როდესაც მე ბავშვობაში მივლიდნენ ისე, როგორც მეფის შვილს. მანებიერებდნენ უკანასკნელ გარყვნილებამდინ. მასწავლიდნენ შურს, ამპარტავნობას და სიძულვილს!" - წლების გავლის შემდეგ სწერს ალექსანდრე ყაზბეგი თავის გამზრდელს, ნინო ფიცხელაურს.
ელისაბედ ყაზბეგი ასე ახასიათებს თავის ბიცოლას, ელისაბედ (კეკე) თარხნიშვილ-ყაზბეგისას: "ლამაზებში ჩაითვლებოდა. შინაურათ, ქართულათ გაზრდილი ქალი იყო, ბუნებით ჭკვიანი...ძალიან ბევრი ღირსება ჰქონდა. მაგრამ საშინელი ბოროტი და შურიანი იყო. მეტისმეტად მედიდური ხასიათი ჰქონდა... ბიძაჩემზე ბევრად უფრო ჭკვიანი იყო და განვითარებული. ბუნებრივი ნიჭი შესწევდა და კითხვაც ძალიან უყვარდა."
ალექსანდრე ყაზბეგი და მისი მშობლები - მიხეილი და ელისაბედი
ელისაბედ ყაზბეგს თავის მოგონებების წიგნში მოთხრობილი აქვს, თუ როგორ ანებივრებდნენ მის ბიძაშვილს ბიძა და ბიცოლა და ამის საილუსტრაციოდ ერთი მაგალითი მოჰყავს. სანდრომ იმის სანაცვლოდ, რომ ემეცადინა ფრანგული, თუ როგორ მოსთხოვა მამას, ჩვენს სახლთან რომ მექარავნეებმა ჩაიარეს, იმათგან ერთ აქლემს თუ არ მიყიდით, არ ვიმეცადინებო. მამამ შვილს გული არ დასწყვიტა და უყიდა. ჭირვეული ხასიათის გამო დედამ ბავშვს მოჩხუბარიძე დაარქვა, რომელიც შემდგომ მის თეატრალურ და ლიტერატურულ ფსევდონიმად იქცა.
"ბედის ნებიერა" პატარა ყაზბეგს ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა, ჯიბეში ვერცხლის მონეტების ჩათვლით, რასაც ხშირად ჩამოურიგებდა ხოლმე თანატოლ ბიჭებს.
მშობლებს შვილის განათლებაზე ზრუნვაც არ დავიწყებიათ და უცხო ენების, რუსულისა და ფრანგულის სასწავლებლად გუვერნანტები მოიწვიეს.
1859 წელს მშობლემა სანდრო თბილისში, ჰაკეს ვაჟთა პანსიონში მიაბარეს. ამ პანსიონში მასწავლებელი სანდროს ყოფილი გუვერნიორი, გვარად კორბო, იყო, რომელიც პანსიონთან ახლოს ცხოვრობდა და პატარა სანდროც მასთან დაბინავდა. სწორედ აქ იჩინა თავი ბავშვის არასწორმა აღზრდამ - ერთ დღეს სადილის შემდეგ ჩათვლემილ კორბოს სანდრო მიეპარა, თავთან თოფის წამალი დაუყარა და ცეცხლი წაუკიდა. მშობლემა ამ ქმედებაში ბავშვის სიცელქე დაინახეს და მომხდარით შეშინებულ კორბოზე გაბრაზდნენ კიდეც, როგორ გაბედა და ბავშვის საცემრად როგორ გაიწიაო, მაგრამ ამის შემდეგ სანდრო იძულებული გახდა, პანსიონში სწავლა შეეწყვიტა.
ალექსანდრე ყაზბეგი მოწაფეობის დროს
1862 წელს მშობლებმა ალექსანდრე ქსენოფონტ კანონიჩის პანსიონში გადაიყვანეს, ერთი წლის შემდეგ კი - თბილისის საგუბერნიო გიმნაზიაში. 1865 წელს, როდესაც ოჯახს თბილისში ჩასვლა დიდთოვლობის გამო დაუგვიანდა, ალექსანდრე ყაზბეგი გიმნაზიიდან გარიცხეს.
"ჩემი შიში, რომ არ დაგეგვიანებინეთ გიმნაზიაში და წადილი ისეთი ძლიერი იყო, რომ შინიდგან ჩემოდანაკიდებული, ქვეითი გამოგექეცით, ცივს ყინვაში. თქვენ გამოგზავნეთ კაცები, დამიჭირეთ, მომათრიეთ და მკაცრის მოქცევის შემდეგ იანვრამდინ დამაგდეთ. რა გამოვიდა იქითგან? გამომრიცხეს გემნაზიიდგან და როდესაც ისევ მინდოდა შესვლა, მაშინ ეგზამენია მომთხოვეს იმაში, რაც გაევლოთ ჩემს ამხანაგებს ჩემს იქ უყოფელობაში. ეგ აშკარა იყო, რომ 8 თვე ნადირობაში და უსაქმო გატარების შემდეგ, ყოვლათ შეუძლებელი იყო ეგზამენიის დაჭერა. ამ უბედურებას მიემატა მამიჩემის ავადმყოფობა, რომელსაც წადილი იმ სურვილათ გადაექცა, რომ გვერდიდგან აღარ მოვშორებოდი. ასე რომ, არამცთუ თქვენის მიზეზით გემნაზიის სწავლა დავკარგე, ისიც კი აღარ იფიქრეთ, რომ სხვა რომელსამე გზაზედ დაგეყენებინეთ." - საყვედურობს ალექსანდრე მშობლებს.
1866 წლის 18 ივლისს მიხეილ ყაზბეგი გარდაიცვალა და მამის პანაშვიდებზე სანდრომ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი უცნაური ხასიათი. ლიზა ყაზბეგი წერს: "გულგადაღეღილი, საყელოჩაკეცილი, მოკუზული სანდრო ცხედარს გარს უვლიდა და მათრახს ძალზე იცემდა. ნინო თავ-პირში ცემით წინ მიუძღოდა, ძალუაჩემი თმაგაწეწილი, წინანდელზე უფრო თავგამოდებული ხმითა ტიროდა და დიდის უნარით ცხედარს ჩასძახოდა სანდროს თავგანწირულებას და დიდს მწუხარებას. მაყურებლები ერთიანად ატირდნენ და საერთო ვაი-ვაგლახი გამართეს. სანდრო ძლივს მოაშორეს კუბოს. დიდი მადლობით და ქება-დიდებით შემოიყვანეს მეორე ოთახში კისერდასიებული, დასისხლიანებული. ჩვენ ჯერ გონს ვერ მოვსულიყავით, გაშტერებით ვუყურებდით და ასჯერ ვეკითხებოდით, რათა ქნა ეს საქმე?
- მართალია, მათრახით ტყავის გაძრობა დიდი მხეცობა არის, მაგრამ მე ასე მოვიქეცი ხალხის გულისათვის: ასე რომ არ მოვქცეულიყავ, იტყოდნენ, რომ მამის სიკვდილი უხარიანო!" - ასე ახსნა თავისი ეპატაჟური საქციელი დაობლებულმა ჭირისუფალმა.
ერთი წლის შემდეგ განათლებამოწყურებული ალექსანდრე რუსეთში გაემგზავრა, მაგრამ გიმნაზიის ატესტატის უქონლობის გამო ალექსანდრე ყაზბეგმა უნივერსიტეტში ვერ ჩააბარა და პეტროვო–რაზუმოვსკის სამეურნეო აკადემიაში ჩაირიცხა თავისუფალ მსმენელად.
"მოსკოვში განთქმულს "ტვერსკოი" ბულვარზედ ჩვეულებისამებრ ურიცხვი ხალხი დასეირნობდა... აქ მოდიოდნენ გუნდ-გუნდად ყმაწვილი მუშა ქალები... ყმაწვილობა გულღიაობა არის, მთვარე მომხიბლავად გამღვიძებელი გრძნობისა, გული დაუცხრომელი ტოლს ეძებდა, სული შფოთავდა და მიიბრძოლებოდა პატრონისაგან გაუგებარს საგნისკენ. ...ყველა ყმაწვილი კაცი დაეძებდა ტოლად ქალსა, ყველა მიდიოდა ლამაზ მუშა ქალებთან, მდაბლად, კოხტად. სიამოვნების ღიმილით ეუბნებოდა: "საღამო მშვიდობისა, ნებას მომცემთ თქვენთან ვიარო?" და პასუხად ესმოდა: "დიდის სიამოვნებით!" და ცოტა ტიტინის შემდეგ, ქალი, კაცითგან მიპატიჟებული, ხელგაყრილი კავალერის მკლავში, ჩაის დასალევად მიდიოდა. ჩაის მოსდევდა შტოფი არაყი და სელიოტკა, სიმღერა და შემდეგ... შემდეგ დამეგობრება, რომელშიაც ილეოდა ყმაწვილობის მილტოლვილება!.." - ასე აღწერს თავის მოსკოვურ ცხოვრებას ალექსანდრე ყაზბეგი.
ალექსანდრე ყაზბეგი რუსეთში ყოფნის დროს
ცხადია, ბოჰემური ცხოვრება ფინანსურ უზრუნველყოფას მოითხოვდა და ალექსანდრეც ხშირად სწერდა დედას წერილებს და ფულს სთხოვდა. დღემდე დანამდვილებით არ არის ცნობილი, მართლა ჰქონდა თუ არა ალექსანდრეს სასიყვარულო ურთიერთობა გრაფ ჩერნიშოვ–კრუგლიკოვის ასულ ნინასთან, რომლის დასანიშნად დედამ შვილს ძვირფასეულობა და ფული გაუგზავნა. ამბობენ, სასიძოს სასიმამროს მეგობარ გენერალთან მოუვიდა კონფლიქტი ქართული პატრიოტიზმის ნიადაგზე და სწორედ ამიტომ ჩაშალა ყაზბეგმა ქორწინებაო. ასე იყო თუ ისე, სწავლასა და სიყვარულში ხელმოცარული ყაზბეგი სამშობლოში დაბრუნდა. ანტონ ფურცელაძე ასე აღწერს ყაზბეგის რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლას: "...თლად მოშლილი, ჩაფუშული სახით, მოშვებული ტანით, მოღებული ჯანით, ჩამქრალი თვალებით. ასე რომ, დაბრუნებული თავის ქვეყანაში, ის ჩრდილიც არ იყო იმ მშვენიერი, ცოცხალი და მალხაზი ყაზბეგისა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით წინათ."
სტეფანწმინდაში დაბრუნებულმა ყაზბეგმა მიწა გლეხებს დაურიგა, ხან მედუქნეობა სცადა, ხან - მეიჯარეობა, მაგრამ მისი ყველა საქმიანი წამოწყება მარცხით დამთავრდა, რაც ფული ჰქონდა, დახარჯა, ბოლოს, ძაუგის სასტუმრო "ლონდონში" არმიის საინტენდანტო სამსახურიდან თივის შესაძენ ავანსად აღებული 800 მანეთი ბანქოში წააგო და როცა დაინახა, რომ არაფერი გამოუვიდა, ადგა და მწყემსად წავიდა.
ალექსანდრე ყაზბეგი მწყემსობის დროს 1870-1877წლები
(გაგრძელება იქნება)
ავტორი - თამარ ყურაშვილი
მწერალი, ფილოლოგი