ორი პავლე
(ნაწილი პირველი)
თბილისის სასულიერო სემინარია რუსულმა იმპერიულმა ადმინისტრაციამ 1817 წელს დააარსა. 1840 წელს საეგზარქოსომ, ანუ საქართველოს რუსულმა სასულიერო ხელმძღვანელობამ გარეთუბანში, პასკევიჩ-ერევანსკის მოედნის სიახლოვეს შეისყიდა მდიდარი ვაჭრის იაკობ ზუბალაშვილის მიერ ძველი ქარვასლის ადგილას აგებული შენობა, რომელიც 1835 წელს ზუბალაშვილის დაკვეთით, შვეიცარიელმა არქიტექტორმა ბერნარდოციმ რუსეთში იმ დროს მოდური კლასიცისტური სტილის მიხედვით ააგო. 1840 წელს საეგზარქოსომ მასში სასულიერო სემინარია განათავსა.
თბილისის სასულიერო სემინარია იყო ის ადგილი, სადაც რუსიფიკაციის პროცესი სწრაფი, თანმიმდევრული და სასტიკი მეთოდებით მიმდინარეობდა. არ ისწავლებოდა ქართული, სამაგიეროდ, ისწავლებოდა რუსული ენა და ლიტერატურა, რუსეთისა და მსოფლიო ისტორია, რიტორიკა, ფილოსოფია, ლოგიკა, მათემატიკა, ფიზიკა და ბუნებისმეტყველება, ეკლესიის ისტორია და ძველო სლავური ენაც კი. ყველაფერი, ქართულის გარდა. სწავლების ექვსივე წელს სწავლობდნენ ლათინურ, ბერძნულ, გერმანულ, ფრანგულ ენებსა და პედაგოგიკას. სემინარიის დასრულების შემდეგ კურსდამავრებულებს შეეძლოთ ემუშავათ სოფლის სამრევლო და საერო სკოლების მასწავლებლად ან გაეგრძელებინათ სწავლა სასულიერო აკადემიასა და უნივერსიტეტში.
თბილისის სასულიერო სემინარია (ახლანდელი ხელოვნების მუზეუმი)
სემინარიის რექტორი, კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, პავლე ივანეს ძე ჩუდეცკი ტვერის გუბერნიის ვესიეგორსკის უეზდის სოფ. ჩისტაია დუბრავაში 1827 წელს დაბადებულ და 1882 წელს თბილისში მოვლინებულ რუსეთის ეგზარქოს პავლესთან ერთად აშკარად და დაუფარავად ცდილობდა, საბოლოოდ წაეშალა და მოესპო ქართული სული. კრძალავდა ქართულ ენაზე დაწერილ ნებისმიერ ლიტერატურას და თუ ვინმეს მსგავს რამეს აღმოუჩენდა, სემინარიიდან რიცხავდა. ამის გამო ერთხელ კარგად გაილახა კიდეც. სემინარიის მოსწავლე, სილიბისტრო ჯიბლაძე, რომელიც ფეხის ტკივილის გამო ლაზარეთში იწვა, პავლე ჩუდეცკიმ სემინარიიდან გარიცხა და ლაზარეთის დატოვება მოსთხოვა. მიზეზი სემინარისტის მიერ სასკოლო თხზულებაში „შეუფერებელი აზრის გატარება“ იყო. ამ ამბის გამგონე სილიბისტრო ჯიბლაძე სემინარიაში წავიდა და ჩუდეცკი ჯერ კიბეზე დააგორა, შემდეგ გადააჯდა და იმდენი ურტყა, გონება დააკარგვინა. რომ არ მიესწროთ, აივნიდან უპირებდა გადაგდებას.
სილიბისტრო ჯიბლაძეს სამი წელი ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, საიდანც ის უკვე პროფესიონალ რევოლუციონერ-ტერორისტად ჩამოყალიბებული დაბრუნდა. მისი შემუშავებული გეგმით მოკლა არსენ ჯორჯიაშვილმა კავკასიის სამხედრო შტაბის უფროსი გენერალი გრიაზნოვი. მოგვიანებით სილიბისტრო ჯიბლაძე, რომელიც მენშევიკური პარტიიდან საქართველოს პარლამენტის (დამფუძნებელი კრების) წევრი იყო, ბოლშევიკებმა დახვრიტეს. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა, სხვა დიქტატურის სხვა ამბავი.
იმ დიქტატურისა და რუსეთის იმ თვითმპყრობელური რეჟიმის პირობებში დიდი ვაჟკაცობის გამოჩენა იქნებოდა, თუ ვინმე გაბედავდა და აკრძალულ ლიტერატურას წაიკითხავდა, გაავრცელებდა და უფრო მეტიც - თავად შექმნიდა. მაინც ბედავდნენ. აი, მაგალითად, სემინარისტები გამოსცემდნენ ქართულ ენაზე ხელნაწერ ჟურნალს, სახელად, „ყვავილს.“ ამასთან დაკავშირებით შიო არაგვისპირელი (იმხანად, დედაბრიშვილი) იხსენებს, თუ როგორ უპოვა სემინარიის ინსპექტორმა აკრძალული ჟურნალი ამ ჟურნალის ერთ-ერთ რედაქტორს, იოსებ (სოსო) ლაღიაშვილს.
იოსებ ლაღიაშვილი
იოსებ ლაღიაშვილი 1866 წლის 2 იანვარს სამეგრელოში დაიბადა, გორელი მღვდლისა და მარტვილელი მღვდლის ქალიშვილის ოჯახში. 7 წლის ასაკში დაობლებული იოსები ბებიამ და ბიძებმა გაზარდეს, ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრებინეს, შემდეგ კი, როგორც მღვდლის შვილი და ობოლი თბილისის სასულიერო სემინარიაში სახელმწიფო ხარჯით ჩაარიცხინეს. ახალგაზრდა სემინარისტი სემინარიის პანსიონში ცხოვრობდა და სტიპენდიასაც იღებდა.
არსებობს ვინმე "მონაწილის" ფსევდონიმით გაზეთ "ლომისში" გამოქვეყნებული მოგონებები. მოგონებებში ნათქვამია, რომ რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ შექმნილმა იატაკქვეშა წრემ ტერაქტები დაგეგმა, ერთხელ ეგზარქოსისა და რექტორის აფეთქებაც სცადეს, მაგრამ ყუმბარა არ აფეთქდა. შემდეგ კი ერთ მეგობარს ლაღიაშვილი მიუყვანია და უთქვამს - ძველი ლაღიაშვილი არ გეგონოთ, მაგარი ბიჭი დადგაო. ლაღიაშვილი შეთქმულებმა თავიანთ წრეში მიიღეს და ხანჯლების საყიდლად 12 მანეთი მისცეს. სამი კაცი იყო მოსაკლავი: ეგზარქოსი პავლე, მისი სეხნია რექტორი და კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველი (მაშინ ამ თანამდებობას "მზრუნველი" ერქვა) იანოვსკი. ლაღიაშვილი ჯერ ეგზარქოსთან მივიდა წიგნით ხელში და დამალული ხანჯლით, მაგრამ არ შეუშვესო (ეს ვიზიტიც დასტურდება ამ მოგონებებამდე 30 წლით ადრე შედგენილ ოქმებში); მერე ჩუდეცკი მოკლა, მაგრამ მიმალვა ვერ მოასწრო და ამიტომ იანოვსკი გადარჩაო. მკვლელობა მას იმიტომ დავავალეთ, ვიცოდით, ჯერ 21 წლის არ იყო და ამიტომ არ ჩამოახრჩობდნენო.
სასამართლომ იოსებ ლაღიაშვილს 20-წლიანი კატორღა მიუსაჯა და კუნძულ სახალინზე გადაასახლა, საიდანაც ლაღიაშვილმა გაქცევა მოახერხა, იაპონიაში ჩავიდა, 1889 წელს კი გადასახლდა, სადაც თომას კოკის სახელით განაგრძო ცხოვრება.
ასე და ამგვარად გადაირჩინა თავი იოსებ ლაღიაშვილმა, რომლის მიერ ჩადენილი მკვლელობა სხვა, კიდევ უფრო დიდი ტრაგედიის მიზეზი გახდა.
(გაგრძელება იქნება)
ავტორი - თამარ ყურაშვილი
მწერალი, ფილოლოგი