"ტიფლისის შავი ვარდის" მარადიული სიყვარულის ნამდვილი ამბავი
1828 წლის 22 აგვისტოს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს რუსმა პოეტმა და დიპლომატმა, ალექსანდრე გრიბოედოვმა და ქართველი პოეტისა და გენერალ-ლეიტენანტის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულმა ნინომ. ჯვრისწერის დროს წინა დღეებში ციებ-ცხელებით დაუძლურებულ სიძეს ხელიდან ბეჭედი გაუვარდა და ეს ყველა იქ მყოფმა ცუდ ნიშნად მიიჩნია, თუმცა, დიდად არც არავის შეუმჩნევია, ისედაც იმდენს ლაპარაკობდნენ ამ მოულოდნელი ქორწინების შესახებ.
რას აღარ ამბობდნენ ბოროტი ენები!
მთავარმართებელ ერმოლოვის ვაჟს უნდა გაჰყოლოდა და ეს თექვსმეტი წლის გოგო თავისზე თვრამეტი წლით უფროსს კი მისთხოვდაო.
შეაცდინაო...
მოატყუაო...
როგორ არა რცხვენიათო?!
ამ საქვეყნოდ ცნობილ მექალთანეს ქალს როგორ ატანსო?!
კაი, კაცო, ერთი! რას ჰქვია, როგორ ატანს?! სიხარულით ატანს, მაგის ამბავი არ იციო?!
კიო, მაგრამ ახვერდოვას საყვარელი არ იყო ეგ გრიბოედოვიო?
ჯერ ნათლიასთან დაიარებოდა და ახლა ნათლული მოჰყავსო?!
აბა, აბაო!..
ეგ ის გრიბოედოვი არ არის, ვითომ რომ დეკაბრისტობდა და მერე, როცა მისი ამხანაგები დაიჭირეს, ჩამოახრჩვეს და გადაასახლეს, ეგ იმპერატორმა წმინდა ანას ჯვრით დააჯილდოვა, ფულით დაასაჩუქრა და სახელმწიფო მრჩეველადაც კი დანიშნაო?!
ეგ რა არის, გრაფი შერემეტიევი რომ დუელში მოკლეს, ეგეც მაგის ბრალი ყოფილაო.
რანაირადაო?
რანაირად და პეტერბურგის დიდი თეატრის ბალერინა ავდოტია ისტომინა ხომ იცითო? აი, ეგ ქალი გრაფ შერემეტიევის საყვარელი ყოფილა, გრიბოედოვსა და მის მეგობარ ზავადოვსკის ზავადოვსკის სახლში მთელი სამი დღითა და ღამით დაუპატიჟებიათ ეს ქალი და ამას რომ შერემეტიევი გაიგებდა, აბა, რას იზამდაო?
კი, მაგრამ, ეჭვიანობის ნიადაგზე დუელი ვის გაუგიაო?
დუელს ხომ შელაპარაკების დროს პიროვნული ღირსების შელახვის გამო მართავდნენო?
თან, ეგეც რომ არ იყოს, დუელი ხომ აიკრძალა უკვე რუსეთის იმპერიაშიო?
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, დუელი შედგა.
გრაფ შერემეტიევის სეკუნდანტმა, შემდგომში დეკაბრისტმა, კაპიტანმა ალექსანდრე იაკუბოვიჩმა, რომელსაც იგივე ბოროტი ენები მეგობრის, შერემეტიევის წაქეზებაში ადანაშაულებდნენ, დაპირისპირებული მხარის სეკუნდანტს, გრიბოედოვს მაინც არ აპატია მისი თუ მისი მეგობრის საქციელი და მოგვიანებით დუელში გამოიწვია. გრიბოედოვის მოკვლას არც აპირებდაო, ამბობენ, ამიტომაც ისე ესროლა, რომ ტყვიამ მხოლოდ მარცხენა ხელის ნეკა თითი შეიწირა. სწორედ ამ ნაიარევის წყალობით მოხდა ფანატიკოსთა ჯგუფის მიერ თეირანში მხეცურად მოკლული გრიბოედოვის ცხედრის ამოცნობა. მაგრამ ეს ბოლოს იყო, იქამდე კი იყო უზრუნველი ბავშვობა, თავბრუდამხვევი კარიერა და საყოველთაო აღიარება.
ოფიციალური ცნობების თანახმად, სერგეი და ანასტასია გრიბოედოვების ვაჟი, ალექსანდრე, 1795 წელს დაბადებულა ქალაქ მოსკოვში. (არსებობს ვერსიაც იმის შესახებ, რომ ალექსანდრე გრიბოედოვი მშობლების ქორწინებამდე, 1790 წელს დაიბადა). მისი ახლობლების გადმოცემის თანახმად, ალექსანდრე თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ განვითარებული ბავშვი ყოფილა - თერთმეტი წლის ასაკში ის უკვე უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, სწავლობდა ფილოსოფიას, იურისპუდენციას, ფიზიკა-მათემატიკას. არა მხოლოდ უკრავდა ფორტეპიანოზე, არამედ თხზავდა კიდეც მუსიკალურ ნაწარმოებებს, ცნობილია მისი ორი ვალსი „ლა-ბემოლ მაჟორი“ და „მი-მინორი“. უცხო ენების სწავლის გასაოცარი უნარის წყალობით ბრწყინვალედ შეისწავლა ფრანგული, გერმანული, ინგლისური, იტალიური, ბერძნული, ლათინური, სპარსული, არაბული, თურქული ენები.
1812 წლის სამამულო ომმა აიძულა სამეცნიერო მოღვაწეობა სამხედრო კარიერით
ჩაენაცვლებინა და მოსკოვის ჰუსართა პოლკში ჩაირიცხა. მართალია, ომში მონაწილეობა ვერ მიიღო და მტრის ზურგში, ბელორუსიაში მსახურობდა, სადაც ათასგვარი ოინებითა და ხრიკების მოწყობით ირთობდა თავს, მაგრამ იმდენად დაუახლოვდა და გაიცნო სამხედრო საქმე, რომ მისი, როგორც პუბლიცისტის დებიუტი სწორედ საკავალერიო რეზერვების აღწერით შედგა, რასაც მოჰყვა მთარგმნელობითი მოღვაწეობა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მწერლობის ამბიციით გაგრძელდა. ამბიცია უსაფუძვლო არ ყოფილა და ძალიან მალე ალექსანდრე გრიბოედოვმა პოეტისა და დრამატურგის სახელი მოიპოვა.
1816 წელს სამხედრო სამსახურს თავი დაანება და საგარეო საქმეთა კოლეგიაში დაიწყო მუშაობა. აქტიურად იყო ჩაბმული პეტერბურგის ლიტერატურულ-თეატრალურ ცხოვრებაში. როგორც ამბობენ, ამ წლებში მას ძლიერი სიყვარულით შეყვარებია ქალი, რომლის სახელიც უცნობია. მოგვიანებით ასეთივე გატაცებით უყვარდა ბალერინა კატერინა ტელეშოვა, რომელსაც ლექსებს უძღვნიდა, მაგრამ გრიბოედოვის ყველა გატაცება ხანმოკლე აღმოჩნდა, შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის პოლიტიკური ვითარება იყო, რომელიც გრიბოედოვის საცხოვრებელი ადგილის ხშირ ცვლას განაპირობებდა.
1818 წელს, როგორც დიპლომატი, გრიბოედოვი სპარსეთში გაემგზავრა, სამი წლის შემდეგ თავრიზიდან ტფილისში ჩავიდა, სადაც, როგორც ამბობენ, დაიწყო მუშაობა პიესაზე „ვაი ჭკუისაგან“, რომელიც გრიბოედოვის, როგორც დრამატურგის, სავიზიტო ბარათად იქცა.
დეკაბრისტებთან მეგობრობამ გრიბოედოვი კიდევ ერთი საფრთხის წინაშე დააყენა, მაგრამ კავკასიის მთავარმართებელ ერმოლოვთან მეგობრობამ იხსნა - პესტელის, რილეევის, მურავიოვის, კიუხელბეკერისა და სხვა შეთქმულთა დაპატიმრების შესახებ მთავარმართებელმა დროულად აცნობა გრიბოედოვს, რომელმაც მოასწრო და გაანადგურა ყველა მაკომპრომიტირებელი დოკუმენტი. დაკითხვაზე გრიბოედოვი კატეგორიულად უარყოფდა შეთქმულებასთან რაიმე სახის კავშირს. ასე იყო თუ ისე, გრიბოედოვი დასჯას გადაურჩა და 1826 წელს ტიფლისში დაბრუნდა.
***
„ეს იყო თექვსმეტში. ამ დღეს ვსადილობდი ჩემს ძველ მეგობართან, ახვერდოვასთან. მაგიდასთან ნინო ჭავჭავაძის პირდაპირ ვიჯექი და სულ მას ვუყურებდი. დავფიქრდი, გული ამიძგერდა, არ ვიცი, რამ ამაღელვა. ახალმა სამსახურმა, ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანმა თუ რაიმე სხვამ მიბიძგა, მტკიცე გადაწყვეტილება მიმეღო. „ - ასე აღწერდა ალექსანდრე გრიბოედოვი თავისი მეგობრის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ქალიშვილთან შეხვედრას, რომელსაც ადრე, რამდენიმე წლის წინ ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა. მასწავლებლის გაკვირვებას მოსწავლის მშვენიერება წარმოადგენდა. არანაკლებ იყო გაკვირვებული მოსწავლეც, რომელიც ამ საბედისწერო დღეს ასე იხსენებდა:
„არ ვიცი, მართლა არ ვიცი! თითქოს სიზმარი იყო! თითქოს მზის სხივმა დამწვა!“
ყველაფერი ძალიან მალე მოხდა - მუსიკის მასწავლებელმა და მამის მეგობარმა, ძია სანდრომ ჯერ გვერდით ოთახში გაყოლა სთხოვა, შემდეგ სიყვარული აუხსნა და ბოლოს ხელი სთხოვა. წარმოუდგენელი და დაუჯერებელი რამ ხდებოდა - ნინო ჭავჭავაძე ჯერ თექვსმეტი წლისაც არ იყო, ცხოვრება მხოლოდ წიგნებში წაკითხული და მამის სტუმრების მონათხრობით იცოდა და უცებ ცოლად უნდა გაჰყოლოდა გამოცდილსა და მრავლისმნახველ ალექსანდრე გრიბოედოვს - პოეტს, დრამატურგს, დიპლომატს, რუსეთის იმპერიის სრულუფლებიან ელჩს ირანში. არანაკლებ გაკვირვებულები იყვნენ ალექსანდრე გრიბოედოვის მეგობრები, რომლებისთვისაც, მართალია, უცხო არ იყო გურიბოედოვის სასიყვარულო თავგადასავლები, მაგრამ მოულოდნელი იყო ქორწინების სურვილი. როგორც ცნობილია, ნინოს მამისგან, ალექსანდრესგან, კურთხევა საქორწინო გვირგვინის დადგმის მსურველებმა სიხარულით მიიღეს და სიონის ტაძარში დაწყებული საქორწილო ცერემონიალი წინანდლის მამულში გრანდიოზული ლხინით გაგრძელდა.
***
Ум и дела твои бессмертны
В памяти русской,
Но зачем пережила тебя
Любовь моя.
ეს არის წარწერა მამადავითის მთაზე დაკრძალული გრიბოედოვის საფლავზე. ბრინჯაოს ქალის მუხლმოყრილი ფიგურა მგლოვიარე ნინო ჭავჭავაძეს განასახირებს, ქალს, რომელსაც თბილისის საზოგადოებამ ტიფლისის შავი ვარდი შეარქვა - ჩვიდმეტი წლის ასაკში დაქვრივებულს სიცოცხლის ბოლომდე არ გაუხდია ქვრივის შავი სამოსი, ბუნებრივია, არც გათხოვილა.
მას შემდეგ, რაც თავრიზში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებული სპარსელი ფანატიკოსების ბრბომ რუსული მისიის შენობა დაიკავა და „სახტირად“ (სასტიკი გული) წოდებულ ალექსანდრე გრიბოედოვსა და მის გარშემომყოფთ სასტიკად გაუსწორდა, მათი დასახიჩრებული გვამები ჯერ ქალაქის ქუჩებში ათრია, შემდეგ კი ერთ დიდ ორმოში ჩაყარა.
ეს ტრაგედია 1829 წლის 30 იანვარს დატრიალდა, ცხედრის საქრთველოში ჩამოსვენება მაისში მოხერხდა. ამ დროისთვის ქმრის სიკვდილით გულმოკლულ ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისას კიდევ ერთი ტრაგედია - ნაადრევად მშობიარობა და ახალშობილი ვაჟის სიკვდილიც გადატანილი ჰქონდა. საყვარელ მეუღლესთან ერთი წელი ცხოვრებაც არ დასცალდა ნინოს, მისი სიყვარული და ერთგულება კი სიცოცხლის ბოლომდე შეძლო.
გენერალ-ადიუტანტი ა. ი. ნეიდგარტი, შემდგომში კავკასიის მთავარმმართველი, ლეიბ-გვარდიის დრაგუნის პოლკის როტმისტრი კოზლოვსკი, ბაგრატიონ-იმერეტინსკი, გრიგოლ და ზაქარია ორბელიანები - ეს არის ნინო ჭავჭავაძე-გრობოედოვას ხელის მთხოვნელთა არასრული ჩამონათვალი.
„წინანდლის ვარდო,
არ დამაგდო, ვარ შენი მონა!“ - გოდებდა გრიგოლ ორბელიანი. (სულ ამაოდ!)
მიუხედავად იმისა, რომ ნინო ჭავჭავაძე არ გათხოვილა, ის აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. უკანასკნელ პარიზულ მოდაზე გამოწყობილი ესწრებოდა საღამოებს, კონცერტებს, ბალ-მასკარადებს, აქვეყნებდა გარდაცვლილი მეუღლის ნაწარმოებებს, იყო ქველმოქმედი, თავისი ხელით ამოქარგა ექთნების ტანსაცმელზე წითელი ჯვრები და როდესაც თბილისში ქოლერის ეპიდემია გაჩნდა, უარი განაცხადა ქალაქის დატოვებაზე. ის 45 წლისა გარდაიცვალა და თავისი ქმრის, ალექსანდრე გრიბოედოვის გვერდითაა დაკრძალული.