საკვირველი კაცი
„საკვირველი კაცი ვარ: ცოლი მყავს - არა მყავს, - შვილი მყავს, არა მყავს, - პენსია მაქვს - არა მაქვს.“
ამ კაცს ხასიათიც საკვირველი ჰქონია, როგორც თვითონ ამბობდა, მისი ხასიათი გამოირჩევა „საფუძვლიანში სიმტკიცით და წვრილმანში უხასიათობით.“
მისი სასიყვარულო თავგადასავლებიც საკვირველი იყო და არც ის იყო საკვირველი, ეს ყველაფერი ბოროტ ენებს სათავისოდ გამოეყენებინათ.
ჯერ მეგობრის და შეუყვარდაო...
მერე წავიდა და ფულისა და ქონების გამო მდიდარი კაცის შვილი ცოლად შეირთოო...
ბოლოს კი თავისზე 29 წლით უმცროსი ქალი შეუყვარდა, თავისი მეგობრის ცოლიო. მათ ოჯახში თავისუფლად დაიარებოდა და ამ ქალის ქმრის სიკვდილში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ესეც იყოო.
საკვირველი ისიც იყო, რომ ასეთი ჭორებისა და ხმების მიუხედავად, ამ კაცისთვის ყველა ოჯახის კარი ღია იყო და ის ყველასთვის სასურველ სტუმარს წარმოადგენდა.
სასტუმროების მეპატრონეები მის მასპინძლობას დიდ პატივად მიიჩნევდნენ და არც სასტუმროს ნომერში და არც კვებაში ფულს არ ახდევინებდნენ.
ის კი არა, ერის სინდისიც კი უწოდეს და როცა გარდაიცვალა, მისი ანდერძის მიუხედავად, დაეკრძალათ მშობლიურ სოფელში, მისი ცხედარი სწორედ იქ წაასვენეს, სადაც ერის ღირსეული შვილები ჰპოვებენ საუკუნო განსასვენებელ ადგილს - მთაწმინდის პანთეონში.
მოკრძალებულ საფლავის ქვაზე ერთადერთი სიტყვა წერია - აკაკი.
მეტი არც რამეა საჭირო. ისედაც ყველასთვის ყველაფერი გასაგები უნდა იყოს. ასეცაა.
აკაკი წერეთლის გარეშე წარმოუდგენლად გაღარიბდებოდა არა მარტო ქართული მწერლობა, არამედ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართულ ისტორიებსაც ძალიან ბევრი რამ დააკლდებოდა.
აკაკი მონაწილეობდა ყველა საზოგადო წამოწყებაში და ყველგან მის გამოჩენას განსაკუთრებული აღფრთოვანებით ხვდებოდნენ. ოღონდ ეს მერე, როცა უკვე აკაკი იყო, იქამდე კი, იყო დრო, როდესაც როსტომ წერეთლის ვაჟზე გაბრაზებული ნათესავები საყვედურით აღსავსე წერილებს სწერდნენ ყველასთვის პატივსაცემ თავად როსტომს შვილის ასეთი, მათი წარმომავლობისთვის შეუფერებელი საქციელების გამო.
„ძმაო როსტომ! - იწერებოდა თავადი კონსტანტინე აბაშიძე, - შენი შვილი რომ რუსეთიდან დაბრუნდა, ჩვენ ყველა სიხარულით მივეგებეთ: გვეგონა, რომ ოჯახს ფეხზე დააყენებდა და ჩვენც, მისიანებს, ბევრად გვარგებდა, მაგრამ მის ნაცვლად, რომ სამსახურში შესულიყო და წინ ნაბიჯი წაედგა, ან ადვოკატობით სხვებსავით სახელი მოეხვეჭა რამე, ეგ დალოცვილი მესტვირეობას გამოუდგა და ლანძღვით ქვეყანა გადაიკიდა!”
ახალგაზრდა პოეტის მიმართ უფროსი თაობის ასეთი დამოკიდებულება შეიძლება ასაკობრივი განსხვავებით გამოწვეული გაუგებრობით აიხსნას, მაგრამ იყო დრო, როცა მისი თანატოლებიც ემიჯნებოდნენ და ის მხოლოდ ორადორი მეგობრის ამარა იყო დარჩენილი.
ნიკო ნიკოლაძე
„ორად-ორ კაცთან მეგობრობდა აკაკი სტუდენტობისას პეტერბურგში - ნიკო ნიკოლაძესთან და კირილე ლორთქიფანიძესთან. დანარჩენებმა იმდენად აითვალისწუნეს მწარე და გამქირდავი ენის გამო, რომ სტუდენტობის წლებიდან მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი აგონდებოდა სითბოთი. სიტყვაზე, შეხვედრა ტარას შევჩენკოსთან, სტუმრობა ჩერნიშევსკის ოჯახში... მაგრამ, საზოგადოდ, მისსავე სიტყვით – ის სანატრელი დრო, როცა ადამიანს ეკალიც კი ვარდად ეჩვენება,“ - საკმაოდ ჩაუშხამდა. (ზაზა აბზიანიძე)
სწორედ ნიკო ნიკოლაძის და, ანასტასია, შინაურებისთვის, ანიჩკა შეჰყვარებია აკაკის. მაგრამ ყველასთვის და ალბათ, უპირველესად, საკუთარი თავის გასაკვირად, სხვა ქალი შეურთავს ცოლად.
ანასტასია ნიკოლაძე
„ნურვინ ნუ დაიჩემებს: მომავალში ამას ვიზამ, თუ იმასო, - წერდა აკაკი, - მე გადაწყვეტილი მქონდა გუნებაში, რომ ცოლი არ შემერთო და მერე ისიც უცხოელი, მაგრამ შემთხვევას ყოველიფერი შესძლებია!“
„უფროს ქალს შევუყვარდი. მაშინ მე ქალის სიყვარულს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, საზოგადოდ, მაგრამ როდესაც დიდად შეწუხებულმა ქალმა შემომჩივლა თავისი აღსარება, მაშინ კი გული მეტკინა, მეც ავდექი და მეორე დღეს ის ქალი ვითხოვე“.
უსიყვარულო ქორწინებას კიდევ უფრო საეჭვოს ხდიდა და მითქმა-მოთქმის საბაბს ამ ქალის მამის მილიონები იძლეოდა. თუმცა, ოქროს მაგნატის, პეტრე ბაზილევსკის ქალიშვილთან ქორწინებით აკაკის მატერიალურად არანაირად არ უხეირია.
„ჩემს თავგადასავალში“ ვკითხულობთ: „ჩემმა მტრებმა და მათმა ამყოლებმა, სხვა რომ ვეღარა მოახერხეს რა, დაჰყარეს ხმა, რომ აკაკიმ ცოლის მზითევი მილიონები აიღო და გაფლანგაო! მაშინ, როდესაც თვალით არა მინახავს რა. ეს ცილისწამება დღესაც ბევრს მართალი ჰგონია ჩვენში“.
"ბაზილევსკები ყველანი შექმნილნი არიან ავი სულისაგან, იმ მიზნით, რომ სტანჯონ ადამიანები და გააუბედურონ თავისი ახლობლები... მათ შორის მხოლოდ ნატაშაა გამონაკლისი" - წერდა აკაკი.
აკაკი წერეთელი და ნატალია ბაზილევსკაია
როგორც აკაკის ბიოგრაფები გადმოგვცემენ, ქორწინებიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ ლაღი და ტანწერწეტა ნატალია მსუქან და ჯაჯღანა დედაკაცად გადაქცეულა.
„ახალგაზრდობას ჩემსას ვგრძნობ მხოლოდ იმ ახალგაზრდა ქალიშვილებთან, რომლებიც თავის დაუსრულებელი ალერსით მხიბლავენ და არა იმასთან, ვისაც ნესტოები არაბული ცხენივით ებერება და შხამიან სიტყვებს ბომბებივით ისვრის პირიდან.“ - სწერდა გაბრაზებული აკაკი ცოლს.
მაგრამ საკვირველია, რომ აკაკის ამ სიტყვების ადრესატიც ნატალია ბაზილევსკაიაა:
„მთელი ჩემი სწრაფვა და მიზანი ის არის, რომ სიბერის წლებში მაინც განვახორციელო ჩემი იდეალი: ვიცხოვრო ჩემს ოჯახში, აღტაცებას ვეძლეოდე ჩემი იდეალური ნატაშათი...“
აკაკის ოჯახური იდილიის დამყარება არ გამოუვიდა. საკვირველი არც უნდა იყოს, რუსეთის იმპერიის დიდ ქალაქში გაზრდილ ნატაშას ამავე იმპერიის რომელიღაცა გუბერნიის მიყრუებულ სოფელში ცხოვრება არ მონდომებოდა.
თუმცა, ერთად ცხოვრების მცდელობები ორივე მხრიდან იყო. აი, მაგალითად, აკაკი დიდი აღტაცებით შეეგება რუსეთიდან დაბრუნებულ ცოლს და მასთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ეს მანამ, სანამ აკაკის ფული ჰქონდა. მალე ასე ცხოვრება შეუძლებელი გახდა, ვინაიდან ფუფუნებასმიჩვეულ ნატაშას სასტუმროში 7 ოთახი ეჭირა და მოახლის გარდა, ცალკე მზარეულიც ემსახურებოდა. ამას ემატებოდა ნატაშას მხრიდან წამოსული მუდმივი აკრძალვები და მთელი რიგი ინსტრუქციები - რა უნდა ჩაიცვას აკაკიმ, რა არ უნდა ჩაიცვას აკაკიმ, რა უნდა თქვას აკაკიმ და რა არ უნდა თქვას და რაც ყველაზე მთავარია - არც კი გაბედოს კლუბში კარტის სათამაშოდ წასვლა! ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ აკაკიმ ფული ისესხა, ცოლი პეტერბურგში გაამგზავრა და შვებით ამოისუნთქა.
საკვირველია, რომ ასე ცალ-ცალკე ცხოვრების მიუხედავად, აკაკი ბოლომდე ცოლშვილიან კაცად დარჩა. "მკვდრეთით აღვდგები ხოლმე, როცა შენს წერილს ვღებულობ.“ - ეუბნებოდა აკაკი ცოლს. თუმცა, წერილების შინაარსს, ძირითადად, ცოლ-შვილის მხრიდან ფულის თხოვნა წარმოადგენდა და აკაკიც ყველანაირად ცდილობდა, მათი თხოვნა დაეკმაყოფილებინა.
ხან ვისი ვალი ჰქონდა და ხან - ვისი.
მართლაც რომ, საკვირველია, ამდენი ვალის მქონე ადამიანმა უარი თქვას ბანკის დირექტორობაზე!
„მე რომ დირექტორობა ვიკისრო, საკუთრად მე მოხელეობას უნდა დავუდვა გული და ეგ იქნება ჩემთვის ბორკილი, თუმც ოქროს ბორკილი ჩემთვის პირადად სასარგებლოა, მაგრამ მაინც ბორკილია და იმ საქმეში ხელის შემშლელი, რომელსაც მე ამდენი ხანია ვემსახურები.“ - ასე აუხსნა თავისი უარი 1889 წელს ქუთაისში გამართულ საადგილ-მამულო ბანკის კრებას, რომელმაც ერთხმად შესთავაზა აკაკის, ბანკის დირექტორი გამხდარიყო.
ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს: „ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება არ უყვარდა: ხან თბილისში იყო, ხან ქუთაისში. ქუთაისში მას ბინა ნიკო ნიკოლაძის დებთან - კატოსთან და ანიკოსთან ჰქონდა. ესენი ცნობილი ინტელიგენტი ქალები იყვნენ, ქუთაისში მასწავლებლობდნენ და ისე ირჩენდნენ თავს. აკაკი იქ როგორც თავის ოჯახში, ისე სცნობდა თავს.“
ეს სწორედ ის ანიკო ნიკოლაძეა, რომელიც, შინაურებისა და ახლობლების თქმით, აკაკის ნატალია ბაზილევსკაისთან ქორწინებამდე შეჰყვარებია.
„ყრუ სიმართლისთვის
სიწმიდისათვის ბრმა
წყეულიმც იყოს
მისი გულისთქმა.“
აკაკი
ასეთი წარწერა ამშვენებს გიშრის საათს, რომელიც აკაკიმ ანიჩკას აჩუქა და ეს უბრალო საათი არ გეგონოს, ეს თილისმა საათიაო, - უთხრა.
„ეს იყო „ჩერნიშევსკისებული“ მეგობრობა რჩეული ბუნების, გულისა და გონების ქალთან, სიყვარულით სავსე პატივისცემით აღბეჭდილი“. - ასე აღწერს აკაკისა და ანიჩკას მეგობრობას ნიკო ნიკოლაძის შვილი, რუსუდან ნიკოლაძე. ამ სიყვარულს ბოლომდე პლატონური ხასიათი ჰქონია და კერძო წერილებში აკაკი მას ყოველთვის „სანუგეშო მეგობრად“ მოიხსენიებდა.
რამდენადაც ცნობილია, ახალგაზრდული ტრფიალება ასაკოვანი ადამიანის სიყვარულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება - „სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს.“
აკაკის ცხოვრებაშიც ასე მოხდა - მას თავისზე 29 წლით უმცროსი ქალი, ბეჟან წერეთლის ცოლის, ნიცა ბაგრატიონის და, ტასო შეუყვარდა, დრამატიზმი კი ამ გრძნობას იმან შემატა, რომ ქალი ცოლად აკაკის უმცროსმა მეგობარმა, ივანე მაჩაბელმა შეირთო. საკვირველია, რომ აკაკის მაჩაბლების ქორწილში კარგად მოულხენია და საზეიმო სიტყვაც კი წარმოუთქვამს.
ტასო მაჩაბელი
ქორწილის შემდეგ აკაკი რუსეთში, ცოლ-შვილთან წავიდა. ცნობილია, რომ თბილისში დაბრუნებული აკაკი სულ ძალით მიუყვანია თავის ოჯახში სტუმრად ვანო მაჩაბელს. მას შემდეგ აკაკი მათი ხშირი სტუმარი გახდა. იმ დღესაც, როცა ივანე მაჩაბელი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ იგი აღარავის უნახავს, აკაკი ღამეს მათთან ათევდა.
ივანე მაჩაბლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაკითხეს ორივე - აკაკიც და ტასოც. დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ 1898 წლის 25 ივნისს, საღამოს ივანე მაჩაბელმა მეუღლესთან, ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილთან და აკაკი წერეთელთან ერთად ივახშმა, მამაკაცებმა ნარდიც ითამაშეს, განწყობა მხიარული იყო. 10 საათისთვის დასაძინებლად დაიშალნენ. (ჩვენებაში კი, მოსამსახურე თავყრილობის დაშლის დროდ - 12 საათს უთითებს.)
დილით ანასტასიას საწოლ ოთახში ვანო აღარ დახვდა.
( ხელუხლებელი იყო ნივთები: საათი, ძეწკვი, პერანგის ოქროს ღილები და ფული). საწოლი და ქვეშაგები კი - აშლილი .
ჩვენებების მიხედვით, ვანო ღამის 4 საათზე ვიღაცას ესაუბრა აივნიდან.
„გოროდოვოიმ“ აღნიშნა, რომ თავადმა მაჩაბელმა ჩქარი ნაბიჯით ჩაიარა 4 საათზე. უსიტყვოდ,მხოლოდ ქუდი მოიხადა და გოლოვინსკის პროსპექტისკენ გზას გაუყვაო.
დავით ფაღავა იგონებს იმ დღეს, როცა აკაკიმ ვანოს გაუჩინარების ამბავი შეიტყო. აღელვებულ აკაკის მისთვის ვანოს მოსაძებნად ფაეტონის დაჭერა უთხოვია. დავით ფაღავაც მასთან ერთად წასულა. ისინი დაქროდნენ თბილისის ქუჩებში და აკაკი ხმამაღლა ყვიროდა ვანოს სახელს. აკაკის უცებ მოპირდაპირედ მოძრავ ფაეტონში ვიღაც შეუნიშნავს. აი, მაჩაბელიო, - წამოუყვირია, - დაეწიე იმ ეტლსო! მისდიეს კიდეც, მაგრამ საით წავიდა, ვერ იპოვეს. ბოლოს უთქვამს, ალბათ, ვანო არ იყოო.
სხვა, აკაკის სასარგებლოდ მიცემული ჩვენებების მიუხედავად, ჭორი აკაკის მიერ ვანოს სიკვდილში მონაწილეობის შესახებ მაინც გავრცელდა. ტასო მაჩაბელი წერდა: „მრავალი მეგობარი მყავდა მამაკაცთა შორის, მაგრამ მათზე არაფერი თქმულა, აკაკისთან დაკავშირებით კი ჭორები გავრცელდა იმის გამო, რომ ფიქრობდნენ, მას ქალთან წმინდა, ღრმა ურთიერთობა არ შეეძლო.“ „ტაშტი გატყდა, ხმა გავარდა,“ მე ამას ვერაფერს ვუშველიდი და იმის გამო, თუ რას ამბობდნენ თავადები პეტრე და ივანე ან კნეინები ბარბარე და სოფიო, მე ურთიერთობას ვერ გავწყვეტდი ისეთ დიდებულ ადამიანთან, როგორიც აკაკი იყო. იგი ჩემს უფერულ ცხოვრებას აზრით ავსებდა.“
ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ, ვანოს უკვალოდ გაქრობის შემდეგ აკაკი და ტასო მარტო სახლში კი არა, სასტუმროშიც ხვდებოდნენ ერთმანეთსო.
აკაკი წერეთლის მტკიცებით კი, ვანო მაჩაბლის ტრაგიკული აღსასრულის მიზეზი არა პირადი, არამედ საზოგადო ცხოვრება იყო. ტასოსადმი მიწერილ წერილში აკაკი ამბობს:
„ვის უნახავს საზოგადო მოღვაწე ცხოვრებით დამტკბარი, ვანოს დაღუპვა საზოგადოებრივ ასპარეზზე მისდამი გამოჩენილმა მტრობამ გამოიწვია. თუ ვინმე მართლა ადამიანია, შენზე ცუდს ვინ იფიქრებს, შენი ნამდვილი დანიშნულებაა, შვილებს მიხედო, ვანოს ხსოვნა შეინახო და ისე მიეგებო მომავალს, თავი უნდა დაანებო „წუწუნ-ისტერიკებსა.“
ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი
ივანე მაჩაბელს მართლაც კრიზისული პერიოდი ჰქონდა, მან საბანკო საკითხებთან დაკავშირებული დავა ილია ჭავჭავაძესთან წააგო, უსამსახუროდ დარჩენილს ჯანმრთელობაც გაუუარესდდა, ტუბერკულოზით დაავადდა და თუ ამ ყველაფერს ისიც დაერთვებოდა, რომ შემთხვევით დაადგებოდა თავზე ერთმანეთთან მოალერსე თავის ცოლსა და მეგობარს, გასაკვირი არ უნდა იყოს, კაცს თვითმკვლელობა გადაეწყვიტა.
იქნებ, მოალერსე აკაკისა და ტასოს შემხედვარე ივანეს არა საკუთარი თავის, არამედ აკაკის მოკვლა მოუნდა?! იქნებ სცადა კიდეც, მაგრამ განზრახვის სისრულეში მოყვანაში ტასოს მიერ მოქნეულმა შანდალმა შეუშალა ხელი?!
ივანე მაჩაბლის გაქრობის ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად ესეც განიხილებოდა, ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ, გვამი აკაკიმ და ტასომ სარდაფში დამარხესო.
ასე იყო თუ ისე, სამხილების არარსებობის გამო აკაკი წერეთელი ეჭვმიტანილთა სიიდან ამოიღეს.
ამ ტრაგიკული შემთხვევიდან 6 წლის გასვლის შემდეგ აკაკიმ დაწერა ლექსი „ტასო მაჩაბლისას“, რომლითაც 64 წლის პოეტმა 35 წლის ტასოს დაუფარავად, საჯაროდ აუხსნა სიყვარული:
„მთელი ჩემი სიცოცხლე ტანჯვაა და ვაება.
ამირანის ჯაჭვებით დაბმული უკვდავება!
ბედმა დამწვა, დამდაგა, გადამასხა მდუღარე,
მაგრამ გავუძლებ ტანჯვას, შენ თუ მისხვივცისკარე“.
როგორც გამოირკვა, ტასომ არ „ისხივცისკარა“ მოხუცი მგოსანი და ბოლომდე თავისი ქმრის ერთგულ ქვრივად დარჩა. ყოველ შემთხვევაში, სხვა რამ ოფიციალური დოკუმენტებით არ დასტურდება. არსებობს მხოლოდ წერილები.
აი, ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც აკაკიმ „სიკვდილის წინეთი“ აღსარება უწოდა:
“მე შენ მიყვარდი არა ამქვეყნიური მიმდევრობით. გეტრფოდი სრულის ჩემის არსებით, შენ იყავ ჩემი ზეჩამგონებელი, ჩემი აღმგზნებელი პოეზიასა და სიცოცხლეში უშენოდ ქვეყანა ვეღარ წარმომედგინა, დიდხანს ვიმარხავდი საიდუმლოდ, როგორც წმინდა ლოცვას იმ გრძნობას ჩემს გულში, მაგრამ არა რაი არს საიდუმლო, რომელი არა გაცხადდესო. ბოლოს მაინც ძალაუნებურად იჩინა თავი, ანკი რად უნდა დაფარულიყო მისთანა წმინდათა წმინდა. ქვეყნის უმეტესობა ანუ ბრბო საქვეყნო გრძნობებს ვერ ასცილდება და ჩემს აღმამფრენ ტრფიალებას ის როგორღა შეიგრძნებდა? ვერ შეიგნო და ბევრი უსამართლობა გამოვსცადე თვით შენ მახლობელთაგანაც კი. მაგრამ ავიტანე, რადგანაც ერთი შენი თანაგრძნობითი შემოხედვა, მეგობრული ღიმილი და ტკბილი სიტყვა მკურნავდა. მაგრამ ეს სოფელი განა დიდხანს ვისმე გაახარებს?
მრისხანე ბედმა, ჩემს კვალში მდგომმა, გადამიყენა იდეალი და მხოლოდ მითი მძლია და მომეშხამა არათუ აწმყო და მომავალი, წარსული მოგონებაც კი. და რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო, სულით ურწმუნო და გულით უნდო. ამბობენ, რომ სიკვდილის წინეთ სულისა და ხორცის გაყრის დროს არათუ ჭკუათმყოფი, გიჟებიც კი გონში ჩახვდებიან ხოლმე, რომ ორივე სოფლის სააქაოს და საიქიოს ვითარება გაითვალისწინონ.
ეს წერილიც ჩემი სულისა და ხორცის გაყრაა და ამიტომ მეც გამითვალისწინდა, რასაც დღემდი ვერა ვბედავდი. თურმე ჩემის არამკითხე მისწრაფებით სასაცილო ვყოფილვარ და თანაგრძნობის ნაცვლად გულგრილობა გამომიწვევია თქვენის მხრით. მაპატიეთ, ნათქვამია, ვისაც ბევრად უყვარს, ბევრიც ეპატიებაო. მაპატიეთ, დღეიდან მკვდარს და თვით მკვდრადაც მიგულეთ, რომ ჩემმა სახსენებელმაც კი ჩრდილიც არ მიაყენოს თქვენს ნათელ-მოსილ ნეტარებას. მშვიდობით სამუდამოდ“.
ამ წერილის დაწერიდან ერთი წლის შემდეგ აკაკი წერეთელი გარდაიცვალა.
ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ტასო მაჩაბელი.
საკვირველი კაცის ცხოვრების ეს საკვირველი ეპიზოდიც ერთ-ერთ საკვირველ ამბად დარჩება მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ ისტორიებში.
თამარ ყურაშვილი
მწერალი, ფილოლოგი